თეგი: ერინ მაქიი

საქართველოს USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ეწვია

ელჩი ერინ მაქიი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, სომხეთის შემდეგ საქართველოს ეწვია. ამერიკის საელჩოს ცნობით, ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი ამერიკის დელეგაციას უხელმძღვანელებს თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რაც კიდევ უფრო გაამყარებს აშშ-ს პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც წარმოადგენს ევროატლანტიკური სავაჭრო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკისა და ენერგეტიკულ ცენტრს. ვიზიტის დროს ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი შეხვდება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს USAID-ის პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია გრძელდება. საქართველოში ყოფნისას ელჩი მაქიი ოფიციალურად  გახსნის USAID-ის „განათლება მომავლის“ პროგრამას. ეს პროგრამა USAID-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ახალი პარტნიორობის ფარგლებში იწყება და მიზნად ისახავს მასწავლებლების გაძლიერებას. ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქიი შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ჟურნალისტებს, განათლების და ბიზნესის წარმომადგენლებს. ეს ადმინისტრატორის მოადგილის მეორე ვიზიტია საქართველოში, ის პირველად ქვეყანას 2022 წლის ნოემბერში ეწვია.   ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აშშ-ის განვითარების წამყვანი სააგენტოა, რომელიც ამჟამად საქართველოში  40 პროგრამას ახორციელებს. ეს პროგრამები მიზნად ისახავს საქართველოს და მისი მოსახლეობის მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც 1992 წლიდან უკვე 1.9 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია ქვეყანას. USAID მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და მოსახლეობასთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და დემოკრატიას, რაც დაეხმარება საქართველოს მოსახლეობის მიერ განცხადებული სურვილის შესრულებას – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტ დროს ითვლის, USAID-მა მხარი დაუჭირა ისეთი პროგრამების განხორციელებას საქართველოში, როგორებიცაა: მოსახლეობის ელექტოროენერგიით უზრუნველყოფა, საჯარო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვაზე ზრუნვა, საქართველოს მოსახლეობისთვის კეთილდღეობის და შესაძლებლობების შექმნა და მოქალაქეზე ორეინტირებული დემოკრატიული პროცესების გაძლიერება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე,“ - აცხადებენ ამერიკის საელჩოში.  

ელჩი ერინ მაქიი: ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას „შუა დერეფანში“, რადგან ეს გააძლიერებს ქვეყანას და დაახლოებს მას ევროკავშირთან

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა ელჩმა ერინ მაქიიმ, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში. მისი თქმით, ამერიკის მთავრობა ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობასა და ვაჭრობას, რომელიც კეთილდღეობასა და წარმატებაზეა ორიენტირებული. ელჩმა ამის შესახებ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ერთ-ერთ პანელზე - „ვაჭრობა მომავლისთვის“ ისაუბრა. „ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დიდ როლს ასრულებს. რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ს პარტნიორობას, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას შუა დერეფანში, იმიტომ რომ ეს გააძლიერებს ქვეყანას და მიაახლოებს მას ევროკავშირთან. ჩემი ბევრი კოლეგა ამერიკიდან აცხადებს, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, ერთი საზღვაო ფანჯარა შექმნას, რომელიც მისი, როგორც რეგიონული ქვეყნის როლს, უფრო მეტად გამოკვეთს,“ - განაცხადა ერინ მაქიიმ. მან „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „შუა დერეფანი ამ ქვეყნებს შესაძლებლობას სთავაზობს, რომ წვლილი შეიტანონ და თვითონაც მიიღონ სარგებელი ძლიერი სავაჭრო ურთიერთობებისგან. ტრანზიტი, ლოგისტიკა, უფრო მეტი ეფექტურობა, წარმოება, ასევე მოვისმინეთ საინფორმაციო ტექნოლოგიები - ყველა ამ მიმართულებით შუა დერეფანზე ჰაბი იქმნება. რა თქმა უნდა, ეს ქმნის უფრო დიდ ეკონომიკურ კეთილდღეობას უშუალოდ დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის, ამასთანავე, რეგიონის სტაბილურობას ხელს უწყობს,“- განაცხადა ერინ მაქიიმ. მისი თქმით, ეკონომიკის წარმატების წინაპირობა სწორედ მშვიდობაა.  

ელჩი ერინ მაქიი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს შუა დერეფნის მთავარი მოთამაშე

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს შუა დერეფნის მთავარი მოთამაშე, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობას და ევროპასთან დაახლოებას. USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ერინ მაქიიმ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, USAID-ის საქართველოსთან პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ პარტნიორობის მიზანია, ხელი შეეწყოს საქართველოს წინსვლას, რათა ქვეყანა ევროპასა და აზიასთან დამაკავშირებელი მთავარი სავაჭრო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული სატრანსპორტო ცენტრი გახდეს. ელჩი რობინ დანიგანი: ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლიც, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროექტის განვითარებას შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ხსენებული ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, 6 სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ცენტრალური აზრიის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი

ელჩი მაქიი: კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველგან, სადაც შეუძლია, მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ გამჭვირვალე არჩევნები, რათა არ მოხდეს ჩარევა

კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველგან, სადაც შეუძლია, მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესები, გამჭვირვალე არჩევნები, რათა არ მოხდეს ჩარევა. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაქიიმ განაცხადა, რითაც ამერიკის დაზვერვის ცნობებს გამოეხმაურა არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. მან უპასუხა შეკითხვას - „მართლაც აქვს რუსეთს შესაძლებლობები, რომ გლობალურად ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში?“ „დემოკრატია დიდ საშიშროებას წარმოადგენს პუტინისთვის. ამას ყოველდღიურად ვხედავთ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებულ გადაცემებში. ვიტყოდი, რომ კრემლი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას ყველგან, სადაც შეუძლია. ასე რომ, დიახ, ვიცით, რომ მსგავსი რამ ხდება, მაგრამ სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესები, გამჭვირვალე, დასაბუთებული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელსაც ასევე აკვირდებიან სადამკვირვებლო მისიები, რათა არ მოხდეს არანაირი ჩარევა,“ – განაცხადა ერინ მაქიიმ. ელჩმა აღნიშნა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს მთავრობასთან, ცესკოსთან და არამარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც, რათა დარწმუნდნენ, რომ განხორციელებული შეტევის, დეზინფორმაციისა და რაიმე ეჭვების შემთხვევაშიც, ხელს უწყობენ დემოკრატიული პროცესებისადმი მოქალაქეების ნდობის ჩამოყალიბებას. „სწორედ იმიტომ ვმუშობთ ამდენს, რომ დავრწმუნდეთ, ეს პროცესი არის ნათელი, გამჭვირვალე, სადაც მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, რომელთა ხმებიც გათვალისწინებულია არჩევნებზე. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომობთ თქვენთან, საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და არა მარტო საქართველოში, არამედ სხვაგანაც, რათა დავრწმუნდეთ, რომ თუნდაც განხორციელებული შეტევის, დეზინფორმაციისა და რაიმე ეჭვების გაჩენის შემთხვევაშიც, ხელს ვუწყობთ მოქალაქეების ნდობის ჩამოყალიბებას დემოკრატიული პროცესებისადმი და, რა თქმა უნდა, თავად დემოკრატიული შედეგებისადმი,“ – განაცხადა მაქიიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. Europetime-მა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეკითხვით მიმართა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით ქვეყანას გაუზიარეს. ჩვენი გამოცემა დაინტერესდა, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა კომუნიკაცია ქართულ მხარესთან, საელჩოს მეშვეობით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის მცდელობათა ტენდენციის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს. კარგად არის დასაბუთებული, რომ რუსეთი ცდილობს, კონკრეტული კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ, გლობალურად იქონიოს გავლენა დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე. ამის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 100-ზე მეტ დემოკრატიულ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ამ ძალისხმევისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ საპასუხოდ. ჩვენ, ასევე, ღიად ვსაუბრობთ მოპოვებულ ინფორმაციაზე. აშშ-ის მთავრობამ გამოავლინა და გააგრძელებს, გამოავლინოს რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა და მდგრადობა ამ რუსული ქმედებების მიმართ. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც დემოკრატიებმა, ერთად ვიმოქმედოთ რუსეთის ამ ძალისხმევის საპირისპიროდ,“ - ნათქვამია საელჩოს მიერ Europetime-სთვის მოწოდებულ კომენტარში. საელჩოს მიერ მოწოდებული კომენტარიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი დემოკრატიის სამიტზეც წამოიჭრა დახურულ ფორმატში. „დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - განუცხადეს Europetime-ს ამერიკის საელჩოში. ცნობისთვის, „დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა. მასში წელსაც, ისევე როგორც შარშან, საქართველოდან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა. შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმად, შეერთებული შტატების დაზვერვის არასაჯარო ანგარიში მიუთითებდა, რომ მოსკოვი იყენებს ჯაშუშებს, სოციალურ მედიას და რუსულ სახელმწიფო მედიას, რათა შეასუსტოს საზოგადოების რწმენა დემოკრატიული არჩევნებისადმი მთელ მსოფლიოში. Reuters-ი წერდა, რომ დაზვერვის ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ათეულობით ქვეყანას გაუზიარა.